მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ პროგრამის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი ერთი კომპანიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 000 ლარით და შეეხება იმ ბაზრებს, სადაც ქართული ღვინო უკვე არის წარმოდგენილი, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა.
პროექტში ასევე დევს პირობა, რომ თავად კომპანიებმაც უნდა გაზარდონ თავიანთი მარკეტინგული ბიუჯეტები, რაც აუდიტის მიერ დადასტურდება.
"პროექტი ითვალისწინებს ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის დაფინანსებას, საგრანტო თანადაფინანსებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
დღეისთვის დაახლოებით 9-10 მილიონი ლარია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც რეალურად ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე. კვლევების შედეგად შეირჩა კონკრეტული მიმართულებები, სადაც გვყავს წლების განმავლობაში არჩეული ყველაზე გამოცდილი, კომპეტენტური ღვინის სფეროში წარმატებული, მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც მარკეტინგულ კომუნიკაციას უზრუნველყოფენ," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დღეს ქართული ღვინო იყიდება 60 ქვეყანაში. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი - 2020 წელს იყო 376. 100 მილიონი ბოთლი წელიწადში არის დაახლოებით 2021 წლის საპროგნოზო მონაცემები.