საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
შაქარიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგის 17 ნომერში მცხოვრებლებს შეხვდა.
როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მოუწესრიგებელია ეზოს ინფრასტრუქტურა. ეზოში, რომელშიც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, არ არის სრულყოფილი სპორტული და მოსასვენებელი სივრცე.
"სამწუხაროდ, ჩვენი უბნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად შეუფერებელი და შეურაცხყოფილი გარემო დაგვხვდა ადგილზე. ეზო, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში, არის ინფრასტრუქტურა დაზიანებული, არის დანაგვიანებული ტერიტორია.
მე მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მივმართო საბურთალოს რაიონის გამგეობას, აუცილებლად გაითვალისწინოს მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნულ მისამართზე სპორტულ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა," - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.