20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თეა წულუკიანმა და დავით ხიდაშელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბიზნესმენმა სახელმწიფოს საჩუქრად ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა, რომელიც ხვალიდან უკვე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.

დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია. სანამ საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, დავით ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ. დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატს კულტურის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაუდებს ბინას.

"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

"ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს," - დასძინა თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები