ბოლო ერთი კვირაა, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით კლების ტენდენცია შეინიშნება. დღესაც 2 000-ის ფარგლებში არის დადასტურებული შემთხვევა, შესაბამისად პირველად სამედიცინო დაწესებულებებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის თერაპიულ განყოფილებებში, თუმცა "კურიერთან" ინტერვიუში სპეციალისტები ამბობენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ, ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
"დღეს არის ის დღე, როცა არის ადგილები და თუ სჭირდება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია ყოველ შემთხვევაში უარს აღარ ვეტყვით და შეგვიძლია მივიღოთ პაციენტები თერაპიულ განყოფილებაში, ეს არ ეხება რეანიმაციულ განყოფილებას. ჩვენ ამჟამად გარკვეულ შეზღუდვებში ვიმყოფებით, მუდმივად ეს არ იქნება. რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაიხსნება ტრანსპორტი, მოიხსნება სხვადასხვა შეზღუდვები, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას," - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.
პარალელურად მედიკოსები უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე ალაპარაკდნენ და მოუწოდებენ ექიმებს, ლექტორებს, მათ შორის სტუდენტებს, რომ იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.
"მთელი პერსონალი, როგორც უნივერსიტეტის, როგორც უნივერსიტეტის, სკოლის, ბაღის - უნდა იყოს აცრილი, რომ დაიწყოს სასწავლო პროცესი აუდიტორიებში. ეს არის ყველაზე მთავარი, სხვა ვარიანტში აუდიტორიაში შეყვანა მოსწავლეების, რომლებიც ყველაზე მეტ რისკ ფაქტოს წარმოადგენენ იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის.
რეალურად უნდა შევხედოთ ამ სურათს, სხვა გამოსავალი დედამიწაზე არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი და უალტერნატივო გზა არის აცრა," - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე.