ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება საიმედო ტენდენციაა. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ზოგიერთ სკოლაში ორჯერადად ვაქცინირებულთა პედაგოგების რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს, შესაბამისად, ამ ყველაფერმა შესაძლოა შექმნას პირობა, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა უკვე სასწავლო დაწესებულებებში განახლდეს.
"ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. ასევე პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60%-ს აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა," – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.
"კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ძალიან მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.