ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო საქართველოში დაბრუნდა - ირაკლი სუთიძის "ნატურმორტი", თენგიზ ცხონდიას "ქართლი", ომარ კაჭკაჭიშვილის "ადრეული გაზაფხული" და გურამ ნავროზაშვილის "აღორძინება" - ეს ის მხატვრული ნამუშევრებია, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში განთავსდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ქვეყნის პირდაპირი მოვალეობაა აღნიშნული კულტურული ნამუშევრები მომავალ თაობებს უსაფრთხოდ გადაეცეთ.
"ჩვენ კულტურის სამინისტროს და შესაბამის მუზეუმებს, პირდაპირ მოვალეობათ გვაქვს, რომ ეს ექსპონატები შემოვუნახოთ მომავალ თაობებს და მათ უსაფრთხოდ გადავცეთ. ჩარჩოების მხრივ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა აქ ბრძანდება მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა შესაბამისი სარესტავრაციო სამუშაოები, უკვე მუზეუმის მიერ იქნება გაწეული ისე, რომ ეს ოთხი ტილოც დაბრუნდება 11 წლიანი პაუზის შემდეგ თავის ფონდში," - ამბობს თეა წულუკიანი.
მოცემული ფერწერული ტილოები, 2010 წელს საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში, იყო გამოფენილი. ტილოების საქართველოში დაბრუნება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოხდა.