შემდეგი ტალღა 60 წელს ზევით პაციენტებისთვის კრიტიკულად საშიში იქნება, თუ მათი ვაქცინაცია დროულად არ მოხდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში მოდის. ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები კორონავირუსის ახალი - "მიუ" შტამის გავრცელების ახალ რისკებზეც საუბრობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ამცრელ ავტობუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოძრავი პუნქტების დამატების საჭიროება არ დგას, თუმცა მათი ტრაექტორიის შეცვლაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს.
"კლებადი არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაციის რაოდენობა. ჩვენ დღეს იმგვარ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებლად გვჭირდება მატების ტენდენცია, რომ მივიდეთ დღში 35 000 - 40 000 აცრამდე.
დამატებითი საჭიროება ნამდვილად არ არის, რადგან 600-ზე მეტი ამცრელი პუნქტი არის დღეს ქვეყანაში, მაგრამ ის, რომ ჩვენ მეტად რაციონალურად შევცვალოთ მოძრაობის ტრაექტორია იმ ავტობუსების, რომელიც უკვე გამოყოფილია, ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ.
ყველაზე დაბალი დატვირთვა აქვს საბურთალოზე მოძრავ ავტობუსს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან საბურთალოზე არის ძალიან ბევრი ამცრელი დაწესებულება, ამდენად ასეთი ავტობუსი გადანაცვლდება სხვა მეტად დატვირთულ ლოკაციებზე. სხვა ადგილებში, სადაცა მოძრაობენ ავტობუსები, დღის განმავლობაში აცრების რაოდენობა მერყეობს 51-დან 95-მდე," - აცხადებს თამარ გაბუნია.