საქართველო 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობს, თავდაპირველად საუბარია იმ არასრულწლოვნებზე, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ.
ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 12 წლიდან მოზარდების აცრა დაიწყო, ისრაელია. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 80%–მდე ვაქცინირებული იყო, ქვეყანამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ისრაელში მყოფი ქართველი ექიმი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ბავშვების 60% უკვე ორჯერადად აცრილია.
12 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის აცრაზე საქართველომ ფიქრი უკვე დაიწყო. გაიზიარებს თუ არა ქვეყანა ისრაელის გამოცდილებას - ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ დამატებითი კვლევებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საბოლოო რეკომენდაციის შემდეგ უნდა მიიღოს.
ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ექიმების რეკომენდაციით საქართველოში 10–მდე ბავშვი უკვე აიცრა. სპეციალისტების განმარტებით, იმუნიზაციაში ჩართულ მოზარდებს ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, თუმცა არცერთი მათგანის შემთხვევაში გართულება არ დაფიქსირებულა. პედიატრების რჩევაა, აიცრას ყველა ის მოზარდი, რომელსაც სხვადასხვა თანმდევი დაავადება აქვს.