ახალი შტამების და ახალი ტალღების მოლოდინი - "მიუ" დაკვირვების რეჟიმშია, "დელტა" კი ნელი ტემპებით იხევს უკან.
საქართველოს ბოლო 24 საათში 2 455 ახალი ინფიცირებული და 58 გარდაცვლილი ჰყავს.
კიდევ 365 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ვაქცინაციამ არ იმატა, 60 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის მომდევნო ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება. სწორედ 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ ადამიანებშია ყველაზე დიდი მსხვერპლი, მათი ვაქცინაციის მაჩვენებელი კი, ყველაზე დაბალია.
"დელტა" შტამი მძიმედ მიმდინარეობს 1 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. ციციშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში ყველაზე მძიმე 40 დღის ჩვილის ჯანმრთელობაა. განსკუთრებული ყურადღება სჭირდება 14 დღის ახალშობილსაც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს.
აცრების ტემპი და პირველადი რეგისტაციის მაჩვენებლები შემცირებულია. ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ორშაბათიდან იწყებს.
ასევე, 13 ოქტომბრიდან ყოველდღიური ლატარია გათამაშდება იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოძრავი ამცრელი ცენტრების ტრაექტორია შეიცვლება. სპეციალური ზონები იმ ადგილზე გადაინაცვლებს, სადაც მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან მაღალი იქნება.