იქნება თუ არა საქართველოში შესაძლებელი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები აიცრან - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ მიმართულებით საყურადღებოა მოზარდთა ის ჯგუფი, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. მისივე თქმით, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია.
ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი. ამ ჯგუფში არიან გარკვეული მოზარდები, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია. შესაბამისად, მათ ვაქცინაციას ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, მშობლისა და მკურნალი ექიმის თანხმობით.
მეორე არის, თუ რამდენად მიზანშეწონილად ჩავთვლით და ვისაუბრებთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში, მაშინ, როდესაც ჯერ ჯანმოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციები არ გამოუცია. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს. უკვე არის იმის პრეცედენტი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვები, რომლებსაც გარკვეული დაავადებები ჰქონდათ, მოგვმართეს მშობლებმა და ექიმებმა და ისინი ჩვენ უკვე ავცერით. აცრამ კი კარგად ჩაიარა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.