20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
რატომ დუმს "საქართველოს ბანკში" ხელყუმბარით შეჭრილი თავდამსხმელი - მეზობლები დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ შალვა მელიქიშვილს ჩადენილ დანაშაულზე პოზიციის გასაჯაროება არ სურს. თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის ბოლოს, მან ადვოკატს მედიასთან დუმილი ურჩია.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე, სამი მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შალვა მელიქიშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ გააცნობენ. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა დუმილის უფლება ბრალის წარდგენის დროსაც გამოიყენოს.

დუმს ბრალდებულის ოჯახიც. მეზობლები და ახლობლები შალვა მელიქიშვილის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით და ფინანსური პრობლემებით ხსნიან. ერთ-ერთი ვერსიით, "თიბისი" ბანკში აღებული სესხის გადაუხდელობის გამო, მელიქიშვილს სახლის ჩამორთმევა ემუქრებოდა.

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში თავდამსხმელი გუშინ, დღის 4 საათზე შეიჭრა. ხელყუმბარის გახსნის მუქარით, მან შენობაში მყოფი 15 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. სამსაათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში, მძევლების ძირითადი ნაწილი შენობიდან უვნებლად გამოვიდა. მათგან 7 თანამშრომელი, 8 კი ბანკის მომხმარებელი იყო. ერთ-ერთი ბოლო მძევალი იხსენებს, რომ შალვა მელიქიშვილი ბანკში სამედიცინო პირბადით შევიდა, შემდეგ კი სპეციალური ნიღაბი მოირგო.

ყვარლის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. საპოლიციო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი ჯერ განაიარაღეს, შემდეგ კი მისი დაკავება ცეცხლის გახსნის გარეშე მოხდა.

დღის ამბები