3 საათიანი სპეცოპერაცია, მძევლები და მზარეული, რომელიც ბანკში ხელყუმბარით შეიჭრა - ყვარელში მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ შალვა მელიქიშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ. მას კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში უკვე შეხვდა ადვოკატი.
რა მოტივით და რა გარემოებაში გადაწყვიტა 49 წლის მამაკაცმა ბანკზე თავდასხმა - ვრცელდება ვერსიები როგორც ფინანსურ, ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია და წვდომა საქმის მასალებთან ადვოკატს სწორედ ამის შემდეგ ექნება.
რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, დღეს დაკავებული შალვა მელიქიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და არ აქვს სურვილი მომხდართან დაკავშირებით დღეს მისი პოზიცია გასაჯაროვდეს.
"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში თავდამსხმელი 9 სექტემბერს, დღის 4 საათზე შეიჭრა. ხელყუმბარის გახსნის მუქარით, მან შენობაში მყოფი 15 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. სამსაათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში, მძევლების ძირითადი ნაწილი შენობიდან უვნებლად გამოვიდა. მათგან 7 თანამშრომელი, 8 კი ბანკის მომხმარებელი იყო. სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი ჯერ განაიარაღეს, შემდეგ კი მისი დაკავება ცეცხლის გახსნის გარეშე მოხდა.
დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის პირველადი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.