მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდუსაფრთხოების ნორმების დაცვას დაეთმობა. გარდა იმისა, რომ მგზავრებს პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას მოსთხოვენ, სატრანსპორტო კომპანიამ დეზინფექცია და ჰიგიენის დაცვა უნდა უზრუნველყოს.
შესაბამისი დავალება უკვე გასცა თბილისის მერმა. ამასთან კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მატარებლების მოძრაობის განრიგში დროის ინტერვალები შემცირდება.
"ჩატარდება დეზინფექცია - ეს ყოველდღიურად ხდებოდა და გაგრძელდება როგორც ავტობუსებში, მიკროავტობუსებში, ასევე მეტროში. რა თქმა უნდა, ის რეგულაციები რაც იქნება, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ამ მოთხოვნის დაცვა გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამას, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ. მეტროს ვაგონებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ყველა, რაც მწყობრშია, გამოყვანილია იმისთვის, რომ დაახლოებით 1.5-2 წუთი იყოს მოცდის დრო, განსაკუთრებით პიკის საათებში და უზრუნველვყოფთ ამით საზოგადოების მაქსიმალურად სწრაფად გადაყვანა-გადმოყვანას,"- განაცხადა კახა კალაძემ.