პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ასპინძისა და ახალქალაქის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ნინოწმინდის მოსახლეობას წარუდგინა.
"ამ რეგიონში და ამ ქალაქში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყლის პროექტები, გაზიფიცირება, სკოლების, ბაღების, საავადმყოფოების მშენებლობა. ბევრი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის ასევე, რომ არ არის ეს საკმარისი.
ჩვენ გამორჩეული ქვეყანა გვაქვს, მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, სადაც ყველა ეთნოსის ყველა ხალხი ქმნის და აძლიერებს საერთო დიდ ოჯახს, ჩვენ საქართველოს. ჩვენ მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მთავრობამ და ბიზნესმა ერთად. ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ ყველა სოფელში იყოს 24 საათიანი წყალმომარაგება.
ჩვენი საქმით, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სწორი, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მართვა სწორად. დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების წამებით, ჩაგვრით, გაუპატიურებით, ომებით და ტერიტორიების დაკარგვით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და ჩვენ მეორედ არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას,"- მიმართა მხარდამჭერებს ნინოწმინდაში ირაკლი ღარიბაშვილმა.