ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა ერაყის ისტორიაში - "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია ძარცვაში მონაწილე ქართველების მისამართები. ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არიან რეგისტრირებული. მათ ადგილობრივი შეიხის სახლი გაქურდეს.
ერაყული პოლიციის ინფორმაციით, აკაკი საგინაძემ, ცოტნე მჭედლიძემ და თენგიზ შაინიძემ 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ვერ დააკავა ქალი, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მან ქვეყანა დატოვა და თან მხოლოდ 20 ათასი დოლარი წაიღო.
რას აცხადებენ მეზობლები, როგორ აღწერს საუკუნის ძარცვას ერაყული მედია და რატომ დატოვეს ქვეყანა ნადავლის გარეშე ძარცვაში მონაწილეებმა.
ერაყში შეიხის საცხოვრებელთან დამონტაჟებული ფარული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გააქვთ ნაძარცვი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მილიონერის სახლიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა და ფული გაიტანეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ერაყში უპრეცედენტო მასშტაბის ძარცვაში მონაწილე 2 პირი ადიგენელი ცოლ-ქმარი მარიკა და თენგიზ შაინიძეები არიან. ისინი წლების განმავლობაში ერაყში ცხოვრობდნენ. მარიკა შაინიძე მილიონერი შეიხის სახლში რამდენიმე წელი მუშაობდა. დეტალურად იცოდა, სად ინახებოდა მეპატრონის ფული და ოქრო. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ შეიხს მოპარეს შაინიძეებმა თანამზრახველებთან ერთად 3 მილიონამდე დოლარი და 4 კგ ოქრო.
ძებნილი ცოლ-ქმრის სკანდალური ისტორია ადიგენში, მათი მეზობლებისთვის უცნობია. "კურიერი" თენგიზ შაინიძის ძმასაც ესაუბრა, რომელმაც ნათესავებთან კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა, იცის, რომ ისინი ბოლო პერიოდში საქართველოში იყვნენ.
მილიონობით დოლარის და მოპარული ოქროს დიდი ნაწილი ნაძვნარის ტყეში, მიწაში დამარხეს, ნაწილი კი თან წაიღეს და მიიმალნენ. დანაშაულში მხილებული ვერცერთი ქართველის ადგილსამყოფელს პოლიცია ამ დრომდე ვერ ადგენს. დამარხული ოქრო და მილიონები კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.
ერაყის სამართალდამცავი უწყების მთავარი სამიზნე დღეს სწორედ საქართველოს 4 მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ გეგმაში დასახმარებლად მარიკა შაინიძესთან მეუღლე და ახლობლები საქართველოდან ჩავიდნენ. ქურდობის დღეს, შეიხისთვის სანდო დამხმარე ქალი სახლში მარტო იყო. ძარცვაც ამ დღეს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ფარულ კადრებში ასახული პირები თენგიზ შაინიძე, ცოტნე მჭედლიძე და აკაკი საღინაძე არიან.
რეგისტრაციის მისამართზე არ იცნობენ ერაყში ძებნილ აკაკი საღინაძეს. თბილისში, მის ოფიციალურ მისამართზე ახალგაზრდა მამაკაცი არც კი უნახავთ.
ჯერ უცნობია, მიმართა თუ არა ერაყის სამართალდამცავმა უწყებამ საქართველოს დახმარებისთვის. დაჰუკის პოლიციის ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულთა ნაწილმა თავი თურქეთს შეაფარა. ერაყელი სამართალდამცველები ინტენსიურ გამოძიებას განაგრძობენ და არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. ამის მოტივად გაშიფრულ სქემას ასახელებენ, რომლითაც მიწაში დამარხული ნაძარცვის წაღებას სხვა კრიმინალები აპირებდნენ.