სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო: დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია, უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია, ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა.
ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქზე და საკუთარ მოქალაქეებზე. ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პრობლემა. რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას," - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.
ილია ელოშვილის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.
"რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის.
მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება," - აღნიშნა ილია ელოშვილმა.