20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
პედიატრიულ განყოფილებაში ამ ეტაპზე 15 კოვიდპაციენტი მკურნალობს - ექიმები კვლავ აქტიური იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. პაციენტებს მედიკოსები კოვიდკლინიკებსა და საველე ჰოსპიტალში მკურნალობენ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და აიცრან.     

"დღეს დილით სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას 36  პაციენტი, ბინაზე გაეწერა 8 პაციენტი, რეფერალი არ განხორციელებულა. არიან პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები და მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებიც, რომლებიც მზადდებიან ბინაზე გასაწერად. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას,“ - ამბობს ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი.

პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძნობენ კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდები. რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი თინათინ იმერლიშვილი ამბობს, რომ ინტენსიურ თერაპიაში ორი პაციენტი მკურნალობს.

"ამჟამად, პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს 15 პაციენტი. პარალელურად, მათი მშობლები, რომელთაც დადასტურებული აქვთ კოვიდ ინფექცია. ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობს ორი პაციენტი და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და ვამზადებთ პედიატრიულ განყოფილებაში გადასაყვანად. ზოგადად, მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, ინტოქსიკაციით მიმდინარეობს დაავადება,“ - ამბობს თინათინ იმერლიშვილი.

სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან ბრძოლის ბერკეტი სწორედ იმუნიზაციაა.

"სიკვდილიანობა მაღალი რჩება და ერთადერთი ბერკეტი ამ ყველაფერთან საბრძოლველად არის ვაქცინა, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის პროცენტი, დაბალია სიკვდილიანობა და დაბალია ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ვაქცინა გიცავს კოვიდის მძიმე მიმდინარეობისგან,“ - ამბობს  ალექსანდრე გოგინავა.

დღის ამბები