"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე.
ისინი აღნიშნული სარჩელით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60 %-იან წილს ითხოვენ. პროცესი დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომელიც სტუდია "მონიტორის“ მიერ გადაღებული სიუჟეტის მტკიცებულებად დართვას ეხება. მოსამართლემ მათი ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენეს პერიოდი, როდესაც "რუსთავი 2"-ის წილების გადანაწილება მიმდინარეობდა.
"ჩვენ 2004 წელს ძალით დაგვათმობინეს ეს ტელევიზია და როგორც რამდენიმე წლის წინ ქიბარ ხალვაშმა მოიგო საქართველოს სასამართლოშიც და სტრასბურგშიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ძალით წაართვეს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კი ბატონო, ოღონდ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არა ქიბარით. დაიწყო იმით, რომ ჩვენ დამფუძნებლებს წაგვართვეს ეს ტელევიზია და ეს მოხდა რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ქიბართან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტაცია იქნება საკმაოდ მტკიცე,“ - აცხადებს დავით დვალი.
განცხადება გააკეთა "რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, რომლის თქმით, საქმეს ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული და იმედოვნებს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
"მხარეები ისე ვართ შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დღევანდელ დღეს იმისათვის, რომ ეს პროცესი დავასრულოთ. თუ არ გვეყოფა სამუშაო დრო, ასევე შეთანხმებულები ვართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის 27 სექტემბერი, როდესაც უნდა დასრულდეს უკვე საბოლოოდ ამ საქმის არსებითი განხილვა. იმედი გვაქვს, ჩვენ როგორც მოპასუხეებს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ჩვენს არგუმენტებზე არა ერთხელ გვქონდა საუბარი. არის მნიშვნელოვანი განსხვავებები იმ საქმეს შორის, რომელსაც აწარმოებდა ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ და ტელეკომპანია საქართველოს წინააღმდეგ.
ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ უნდა დაიკითხონ დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არიან ბატონი დვალის და ბატონი აქიმიძის ნაცნობები,“ - აცხადებს პაატა სალია.