თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.
სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
"2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყება, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ მიზეზით, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს ურიგდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს," - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისში ამჟამად, 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. საკვებ პროდუქტებს მიიღებენ იმ ახლადაშენებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას იგეგმება.