გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული 22 წლის ნიკო კვარაცხელია გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა.
მოკლული მამაკაცი ცნობილი "კანონიერი ქურდის" გია კვარაცხელიას ვაჟია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.
გია კვარაცხელია ე.წ. კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა "კანონიერმა ქურდებმა“ - პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა "მონათლეს“.
კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც სტამბულში ცხოვრობს.
ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა "კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან.