ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილ საკონსულტაციო ჯგუფზე ისაუბრა "სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ." მათი განცხადებით, ცესკოს მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო ჯგუფი საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებით დაკომპლექტდა. "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" თქმით, სერიოზულ კითხვებს ბადებს ამ ორგანიზაციების სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი.
"ცესკოს თავდაპირველ დადგენილებაში ეწერა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები უნდა შერჩეულიყო სრული კონსენსუსის საფუძველზე. ჯგუფი დაკომპლექტდა ძალიან საეჭვო რეპუტაციის, ფინანსურად გაუმჭვირვალე ორგანიზაციებით, რომელთა დიდი ნაწილი მოხვედრილა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში, როგორც ძალიან საეჭვო ორგანიზაციები,"-აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.
ცესკოში კი ამბობენ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის დისკრედიტაცია დადებით გავლენას არ მოახდენს პროცესებზე.
"მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი ზოგიერთების მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული, მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტი, რამაც, შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.