ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორი დაშავდა, სახალხო დამცველის მოადგილე ეხმაურება.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა შემაშფოთებელია.
"შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და, მათ შორის, ფიზიკური. ჟურნალისტის, ოპერატორის მეორე სართულიდან გადაგდება, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს, აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი რას შეიძლება შევადარო და რა სახელი დავარქვა, ორი დღეა ვფიქრობ, ამის სახელი მოვიფიქრო, მაგრამ, ჯერჯერობით, ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდება, ნათელი მოეფინება ყველაფერს და საზოგადოებაში აღარ იარსებებს შესაბამისი კითხვები,"- აცხადებს ბურჯანაძე.
იმის გამო, რომ სახალხო დამცველის მოადგილემ ინციდენტის შეფასებისას ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდება ახსენა, მმართველი გუნდისთვის სახალხო დამცველის აპარატის მიუკერძოებლობაზე კითხვის ნიშნებს აჩენს.
"ვნახეთ, თუ როგორ უარყოფდა, საბოლოო ჯამში, თავად ოპერატორიც, სიტყვა "გადმოგდებას" ის არც იყენებს. აქედან გამომდინარე, არ ადასტურებს. ამავე დროს, როდესაც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, იმ ინსტიტუციის, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური, პირდაპირ დასკვნის სახით ამბობს, რომ გადმოაგდეს ეს ადამიანი აივნიდანო, მაშინ როდესაც, ყველა გონივრული განსჯით ვხვდებით, რომ ეს ასე არ იყო, ამის ასეთ მტკიცებით ფორმაში საუბარი არანაირად არ პასუხობს ომბუდსმენის ოფისის მიუკერძოებლობის მაღალ სტანდარტს, ეს არის სამწუხარო, რომ ხდება პირდაპირ დაბრალება ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლის მხრიდან,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს არ აქვთ ვალდებულება, განცხადებები ძალოვანების ენით გააკეთოს.
"სახალხო დამცველის აპარატი, სახალხო დამცველი, ომბუდსმენი ნიშნავს, რომ გამოხატავს საზოგადოების ინტერესს, ის ვერ ისაუბრებს ძალოვნების ენით და ვერ დაელოდება გამოძიებას. იქნება შესაბამისი ფაქტები, დარწმუნებული ვარ. ბურჯანაძე საკმაოდ გამოცდილი იურისტია და მტკიცებულებების გარეშე არ ისაუბრებდა ამ საკითხებზე. რაც შეეხება ქარელის საკითხს - თქვენ კითხვას უნდა სვამდეთ იმაზე, თუ რატომ გრძელდება 5 ივნისი ქვეყანაში და რატომ მიდის ოპერატორებზე თავდასხმა და არა იმაზე, რა კითხვა დასვა სახალხო დამცველის მოადგილემ. დაველოდოთ გამოძიება, მაგრამ არცერთ ასეთ ფაქტზე გამოძიება არ დამდგარა, ვიცით, რომ 5 ივნისს 20 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა გამოძიება და არცერთი საქმე დღემდე არაა გამოძიებული,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.