ქობულეთსა და ხობში სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან. ადგილზე დილიდან მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ორივე მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულ ოჯახებს უნდა დაეხმარონ. აჭარისა და სამეგრელოს სოფლებში უხვი ნალექის შედეგად ათეულობთ საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
ათობით ადამიანის სახლის პირველი სართულებიც დაიტბორა, დაზიანებულია სავალი გზებიც. ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ მათი მოსავალი სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა, წვიმამ იმსხვერპლა რამდენიმე შინაური ცხოველიც.
ქობულეთში გვიან ღამით უხვი ნალექის შედეგად ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქის ბაზარი, სადაც წყალი ათეულობით მაღაზიაში შევიდა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფლებშიც. ქობულეთის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და სოფელ ხუცუბანში ხიდი წაიღო. სოფლებში კი, 9 სხვადასხვა ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა. უსაფრთხოების მიზნით 2 ოჯახს საცხოვრებელი ბინის დატოვება მოუწია.
ორივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.