პანდემიის მეორე წელს ქვეყანა პირველ წელთან შედარებით მეტი სარგებლის და რესურსის მობილიზებას ახერხებს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემები შეაჯამა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები გასული 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან არის შედარებული. დათვლილია როგორც საერთო მონაცემი, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. რეალური შიდა პროდუქტის ზრდა 29.9 პროცენტია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ გამოთვლილი თანხა 4 267 ლარს შეადგენს.
ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, გართობისა და დასვენების სეგმენტი - ზრდის ძირითადი მონაცემები იმ სფეროებზე ნაწილდება, რომელსაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ყველაზე მკაცრად ეხებოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური უკვე იწყებს მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების დამუშავებას. ათვლა ივლისის თვიდან იწყება. მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ანალიზი დეკემბრის ბოლოს იქნება შესაძლებელი, თუმცა მანამდე წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება.