ე.წ. ონლაინ ბულინგის და სხვადასხვა გვერდებზე ორგანიზებული შეტევის წინააღმდეგ Facebook ზომებს ამკაცრებს. სოციალური პლატფორმის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ტროლებთან და ბოტებთან ერთად დაიბლოკება რეალური ანგარიშებიც.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ სოციალური ქსელებით იმატა დეზინფორმაციის, რადიკალური მოწოდებების გავრცელების და სხვადასხვა ფორმის შევიწროვების შემთხვევებმა. ძირითადად ეს ხდება fake ექაუნთების მეშვეობით, რომელთა იდენტიფიცირების და დაბლოკვის შემდეგ იქმნებოდა ახალი გვერდები.
ორგანიზებული სოციალური თავდასხმის ობიექტები რიგით მოქალაქეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ბიზნესკომპანიებიც ხდებიან. გვერდის არაარგუმენტირებული ე.წ. დარეპორტების შემთხვევაში, Facebook სამიზნეს ავტომატურად ბლოკავს ან ზიანს მის რეიტინგს აყენებს. ბრძოლის ასეთი მეთოდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც კარგად არის აპრობირებული.
Facebook-ის მხრიდან რეგულაციების გამკაცრებას დადებითად აფასებენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მაგრამ მესამე სექტორი საფრთხესაც ხედავს. კერძოდ, მათი განცხადებით, არაკეთილსინდისიერ ჯგუფებთან ბრძოლისას არ უნდა შეიზღუდოს თავისუფალი აზრი.
ძალადობის შემცველ და სხვა მიუღებელ კონტენტთან ბრძოლა ანგარიშების დაბლოკვით Facebook-მა უკანასკნელი წლების განმავლობაში უფრო გაააქტიურა. სოციალური პლატფორმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფლებადმცველებში აზრთა სხვადასხვაობას ხშირად იწვევს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებზე სასამართლოები მსჯელობენ.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კაპიტოლიუმზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას უკავშირდება.