მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვების 90%-ის ინფიცირების წყარო ძირითადად მშობლები და ოჯახის სხვა წევრები არიან.
როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ იკავებენ ის ადამიანები აცრისგან თავს, რომელთაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. მისი განმარტებით, ბავშვების დაცვის ერთადერთი გზა ოჯახის წევრების იმუნიზაციაა.
"ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ 60% ავცრათ, ჩვენი მიზანია ქვეყანა გავათავისუფლოთ და ქვეყანას მივცეთ შესაძლებლობა, იარსებოს და გააგრძელოს ცხოვრება. ძალიან სერიოზული კომპონენტია, ბავშვებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილია ვაქცინირებული, ამის უკან დგას რისკი ბავშვების ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ვინაიდან, დღეს ჩვენი ბავშვების ინფიცირების ყველაზე მთავარი წყარო არის დედა, მამა, ბებია, ბაბუა, საყოფაცხოვრებო კონტაქტებისგან.
90%-ზე მეტი ეს არის ზუსტად საყოფაცხოვრებო კონტაქტი, ამ ბავშვების ინფიცირების წყარო არის სახლი - დედა, მამა და ოჯახის უფროსი წევრები. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, არ გავიკეთებ ვაქცინას, მიუხედავად იმისა, რომ სახლში პატარა ბავშვი მყავს. ჩვენ არ გვაქვს ბავშვებში ვაქცინაცია, ჩვენ 16 წლის ზემოთ ვახორციელებთ ამ ინტერვენციას. დარჩა მხოლოდ ერთ დაცვის გზა, შენი შვილის სიყვარული და შენი შვილის ჯანმრთელობა შენს ხელშია, ვერ ამიხსნია, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მშობელს. ეს ხომ არ არის ერთი ადამიანის პირადი გადაწყვეტილება, თუ შენ არ გინდა ვაქცინაცია გაიკეთო, თუ შენ მარტო ცხოვრობ, კი ბატონო ნუ გაიკეთებ, მაგრამ რატომ აყენებ რისკის ქვეშ ბავშვს, შვილს და შვილიშვილს," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.