ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მოწმის სტატუსით სასამართლოში პრემიერი-მინისტრის დაბარება მოითხოვა. გიორგი კონდახიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია ნიკა მელიას დასაცავად.
საუბარია პრემიერის შეფასებებზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც მან გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის შსს-ს გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა, დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ. "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას“ ედავებიან.
"ვითხოვდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოეწვიათ მოწმედ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერა როგორც მოგეხსენებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად სასამართლოსგან არც გვქონდა სხვა მოლოდინი. როდესაც სასამართლო განმარტავს, რომ არარელევანტურია ის გარემოებები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ეს არის პრემიერ-მინისტრის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, აქ ყველაფერი ნათქვამია უკვე,“ - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
ადვოკატის განცხადებას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი პასუხობს.
"დაცვის მხარის შუამდგომლობა სამართლებრივად არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს. დაცვის მხარე ითხოვდა პირის დაკითხვას, მის მიერ გაჟღერებულ შეფასებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხდება ადამიანის პროცესზე დაკითხვა იმის გამო, რომ ესა თუ ის მოვლენა უბრალოდ შეაფასა,“ - აცხადებს ამირან გულუაშვილი.