05 მაისი 2024,   07:06
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, ეზოები, სახლები და სავაჭრო ობიექტები - ბათუმში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

დატბორილი ქუჩები, ეზოები, სახლები და სავაჭრო ობიექტები - ბათუმში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ამ დროისთვის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ჯგუფები და სპეცტექნიკა. იწმინდება სანიაღვრე არხები, სტიქიის გასამკლავებლად ჩართულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფიც.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რამდენიმე ქუჩაზე, სადაც წყალმა პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში შეაღწია და დატბორა.

ადგილობრივების განცხადებებით, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა და დააზიანა.

როგორც ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ამბობს, ბათუმის მუნიციპალიტეტის ყველა მუნიციპალური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მოსახლეობისგან ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შევიდა.

მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა და შეფასება. ლელა სურმანიძეს განცხადებით, ყველა დაზარალებულ ოჯახს გაეწევათ დახმარება.

გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მიმდინარეობს ვითარების შეფასება.

დღის ამბები