20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
თბილისის ზღვაზე ახალი უბანი, თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით,თბილისის ზღვაზე ახალი უბანი – თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება. მისი თქმით, ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, ვარკეთილის მესამე მასივი.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

"ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლებისა და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა. ასევე, არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა: არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება.

ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა: ეს არის 72 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და სადაც სულ 400 შენობაა. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც შედგება როგორც ვიზუალური დაგეგმარების, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისაგან.  ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაძლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიების მიერ და მათ ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები. ტერიტორიის მთლიანი სამშენებლო მოცულობა შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო პროექტის ეკონომიკური ბრუნვა არის ნახევარი მილიარდი დოლარი“, – განაცხადა ირაკლი ხამალაძემ.

ხმალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს ბოლო პერიოდში თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა. ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და მონაცვლეობის მიზნით.

 

დღის ამბები