მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტმა რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე "არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები“. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება კოვიდ პანდემიის პიროებებში ყველა არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებით - ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობა საერთაშორისო დონის მეცნიერებმა მიიღეს რამდენიმე ქვეყნიდან - აშშ, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, გერმანია, ავსტრალია, საქართველო. კონფერენციაზე წარდგენილი იქნა 60 ნაშრომი. პლენარულ სხდომებზე გავიდა 28 მოხსენება და
გამოიკვეთა შემდეგი აქტუალური მიმართულებები:
1. სალი, ცეცხლგამძლე, ნახევრადგამტარული, კოროზიამედეგი და სხვა სპეციალური თვისებების მქონე ახალი მასალების მიღების ტექნოლოგიები, უპირატესად თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის გამოყენებით;
2. მასალების სტრუქტურული, ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებების კვლევის მეთოდები;
3. ტექნოლოგიური პროცესების - დნობის, ელექტროგლინვის, ქიმიური სინთეზის მოდელირება;
4. ზეგამტარული მასალების მიღების მეთოდები და ფიზიკური თვისებების კვლევა.
მომდევნო კონფერენცია 2024 წელს ჩაინიშნა.