მედიაში გავრცელებულ ფარულ ფაილებს ეხმაურებიან სასულიერო პირები, რომლებიც ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებენ. მაღალი სასულიერო იერარქების თქმით, რაც საკუთარი თვალით არ უნახავთ და მოუსმენიათ, რთულია ასეთ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
"ეს არის შხამი რომლითაც მოწამლეს მთელი ჩვენი ქვეყანა. ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა სხვა საკითხია. ეს გააკეთა ეშმაკმა. ეს არის შხამი, ნებისმიერ შხამს აქვს ანტი შხამი, გველის ნაკბენზე მოქმედებს ანტი გიურზა, ამ შხამის საწინააღმდეგო არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან,"- ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ, არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილი კი იმედოვნებს, რომ გამოძიება ფარული ჩანაწერების საქმეზე სწორი მიმართულებით წარიმართება.
"ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, ვინც ეს ჩაიდინა. იმედი უნდა გვქონდეს გამოძიება სწორად წარიმართება. მართლა რთულია ახლა სიმართლე და ტყუილი გაარჩიო ადამიანმა, რაში სჭირდებოდა ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა. როცა ყველაფერს თავისი სახელი დარქმევა და იმედი მაქვს დაერქმევა, შემდეგ შეიძლება ამაზე ლაპარაკი,"- ამბობს არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე მჭედლიშვილი.