ერთობლივი კამპანია დევნილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციისთვის დაიწყო. პროგრამის ორგანიზატორები ქვეყანაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა და ჯანდაცვის სამინისტროა.
ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და შემდეგ უკვე - ვაქცინაცია. პირველი შეხვედრა მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში გაიმართა. პროცესს ორგანიზატორი უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე და ასევე თავშესაფრის მაძიებელი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია ეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ვაქცინის ხელმისაწვდომობას,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
კამპანიის შესახებ კომენტარი გააკეთა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, კემლინ ფურლეიმ.
"მნიშვნელოვანია, რომ ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და მოქალაქეობის არმქონე პირები ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ საერთო ჯანდაცვის, არამედ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.
მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. ეს არის მცირე მასშტაბების კამპანიის დასაწყისი. მოხდება ინფორმაციის მიწოდება და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის ფასილიტაცია, რაც ვფიქრობთ , რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ." - აღნიშნა კემლინ ფურლეიმ.