საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ტანვარჯიშის სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ლაშხს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მინისტრმა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს და მოქმედ ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ფედერაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, რომელიც დღესდღეობით უმთავრეს გამოწვევად მიაჩნიათ. მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს დროში მოხდება სამინისტროს ხელმძღვანელთა სტუმრობა ოლიმპიურ სოფელში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში, რათა დეტალურად მოხდეს იმ პრობლემების შესწავლა, რომელიც ფედერაციაში შემავალი სხვადასხვა დისციპლინის სპორტსმენებს აქვთ.
თეა წულუკიანის განცხადებით, ტანვარჯიშის ფედერაცია გახლავთ ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელთანაც სამინისტრო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით არაერთ პროექტს განახორციელებს.
შეხვედრის ბოლოს ფედერაციის წარმომადგენლებმა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ტანვარჯიშის ფედერაციის და სამინისტროს თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.