უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა, რომელმაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხიდის მშენებლობის, ასევე მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე.
კახა კალაძის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება.
"უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება საფეხმავლო ხიდის გვერდით. ხიდი დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი," - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პროექტისთვის 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
"მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო დაპროექტებაში, მომზადებაში და ასევე, მათაც, ვინც დღეიდან აქ იმუშავებს. ესეც არის იმ პროექტებს შორის, რომლებიც გასულ წლებში უნდა დაგვეწყო, მაგრამ პანდემიის პირობებში მოგვიწია დროებით შეჩერება. პირობას გაძლევთ მეგობრებო, რომ ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება და ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, როგორც ამ ქალაქის მერს, რომ ვიწყებთ ასეთ მასშტაბურ, მნიშვნელოვან პროექტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის დეტალებზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც.
მისი თქმით, ხიდის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც.
"ეს ხიდი, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად მოდერნიზებული და ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის. როდესაც ამ ხიდის სამუშაოები დასრულდება, აუცილებელი არის, რომ უნივერსიტეტის ქუჩა ამ პროექტს მოდერნიზებული სახით დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება ბაგების დასახლების გზებიც.