სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველოში აღარ გაიყიდება წამლები, რომლებიც GMP და GDP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს. კაპანაძის განცხადებით, კომპანიებს შეუძლიათ წამლები იმ ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანონ, სადაც GMP და GDP სტანდარტი არ მოქმედებს.
"საექსპორტო ნაწილთან მიმართებაში ჩვენ ვუთხარით, რომ თუ მათ აქვთ ბაზრები მოპოვებული, სადაც ისინი არა GMP-ის სტანდარტის პროდუქცია გააქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იქნება GMP-ის სტანდარტი, საქართველოში ვერ შეძლებენ ამ პროდუქციის რეალიზაციას, თუმცა მათი საექსპორტო ნაწილი, თუ მიმღები ქვეყანა თანახმა იქნება მიიღოს აღნიშნული პროდუქცია, შეძლებენ აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი განახორციელონ," - აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე.
შეგახსენებთ, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დანერგვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრები დაესწრნენ. GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში.
აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან ჯანდაცვის მინისტრმა მოისმინა.