საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები.
ლომჯარიას თქმით, ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.
"59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება, მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, შედეგად აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი ინფორმაცით ამ 59 პირიდან, 52 კანდიდატი არის პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, 6 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და 1 " მესამე ძალა, სტრატეგია აღმაშენებელი". ამ დროისთვის სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლეს ან სამსახურეობრივად შეამცირეს 69 პირი," - ნინო ლომჯარია.