მარნეულში ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის. ადგილზე იმყოფება პოლიციაც. ხმაური ამ დრომდე გრძელდება.
პროვოკაციებზე საუბრობს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ზაურ დარგალი.
"მარნეულში არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში. იმაზე, რა ინციდენტებიც ხდება, შესაბამისი უწყებები აკეთებენ რეაგირებას. არაფერი სერიოზული არ ხდება, იმის გარდა, რომ აქ კარგად მომზადებული, კონკრეტული დავალებით ჩამოსული პროვოკატორების ბანდა მუმლაძის თავმჯდომარეობით დადის უბნებზე და ცდილობს ახლა ფონი შექმნას, რომ თურმე საქართველოში, მარნეულში არჩევნები ყალბდება რაღაცა პრობლემა ხდება. მარნეულში არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში, ეს "ბანდა", რომელიც ახლა დადის, ცდილობს რომ რაღაცა ფონი შექმნას პროვოკაციის. ვერაფერს ვერ იზამს. საღამომდე მარნეულში მშვიდ გარემოში ჩატარდება არჩევნები.
დიდ დაპირისპირებას აქ არანაირი ადგილი არ ჰქონია. აქ ხდება ერთი რამ, აქ ხდება პროვოკაციის მოწყობა, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მარნეული ყოველთვის არის პროვოკაციების ეპიცენტრი,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.