გლდანის, 72-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა. "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ადგილზე დარღვევები ფიქსირდებოდა, აქვს ვიდეო, თუ როგორ აწვდის კომისიის წევრებს გარედან უცხო ადამიანი გარკვეულ მასალებს.
საარჩევნო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილზე მოძრაობა "დროას" წარმომადგენელმა, შუშანა მაცაბერიძემ საჩივრის დაწერა მოითხოვა, კომისიის წევრებმა კი საჩივარი არ დაარეგისტრირეს. დაპირისპირების დროს ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.
"3 წუთი ვცდილობდი, რომ საჩივარი დაერეგისტრირებინათ. სანამ "ფორმულას", "მთავარის" და "ტვ პირველის" კამერები არ ჩაერთო, კომისიის თავმჯდომარე მიმტკიცებდა, რომ არ მაქვს საჩივრის დაწერის უფლება. ახლა, როცა ამდენი კამერა აქ არის, მეუბნებიან, რომ მაქვს," - თქვა შუშანა მაცაბერიძემ.
თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას ფანჯრიდან ყავა, სტეპლერები და საპირფარეშოს ქაღალდი გადმოაწოდეს. მისი თქმით, მან უკვე ჩაიბარა საჩივარი.
სტეპლერები არ მქონდა და ჩემი მეგობრის შვილს ვუთხარი რომ მოეტანა. სტეპლერები გადმომაწოდა, თან ყავაც მოაყოლა და ძალიან დიდი ბოდიში და ტუალეტის ქაღალდიც. ესენი გადმომაწოდა. აღმოჩნდა რომ ამაზე მიწერენ... სად არის სამართალი?!" - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ამ ეტაპზე ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია.