ხმაური იყო ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. ცოტა ხნის წინ, მე-19 საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ავტომობილიდან სპეციალური სიების მიხედვით ბენზინის ტალონებს არიგებდნენ.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, დაპირისპირებული მხარეები კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური, რომელიც დილიდან დადის სხვადასხვა უბნებზე, ცდილობს გარკვეული პროვოკაციის იმიტაციას. საუბრობენ არარსებულ კარუსელებზე, მოსყიდვაზე და მსგავს ფაქტებზე,“ - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი მერაბ ქვარაია.