არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას უკრაინის პარლამენტის წევრთან, ელიზავეტა იასკოსთან სიყვარული და ახლადშექმნილი ოჯახი აკავშირებს. როგორც უკრაინული გამოცემა Depo.ua წერს, მიხეილ სააკაშვილი, ამ დროისთვის, სანდრა რულოვსთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და მათ, ასევე, ორი კვირის წინ, საბერძნეთში გადაღებული ფოტოც კი გამოაქვეყნეს.
სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სანდრა რულოვსმა გუშინ მის მიმართ მხარდაჭერაც კი გამოხატა.
ვინ არის ლიზა იასკო - სახალხო დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის "ხალხის მსახურის" პარტიიდან, რომელიც ამჟამად კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ექსპრეზიდენტის დაკავების შესახებ, იასკომ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე იყო გადაღებული.
მიმართვაში ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იასკოსთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, თავად ლიზამ კი სააკაშვილის სიტყვები დაადასტურა:
"ჩვენ აღნიშნული ვიდეო მიხეილის საქართველოში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერეთ. იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. სიყვარული და ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის - ეს კეთილშობილური საქმეა. მე მას სრულებით ვუჭერ მხარს. უკრაინასთან მიმართებაში მეც მის მსგავსად მოვიქცეოდი," - განაცხადა სააკაშვილის ახალმა მეუღლემ.
ვიდეომიმართვის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა სანდრა რულოვსმაც.
ლიზა იასკო უკრაინელი დეპუტატია, მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმაღლესი რადას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. მაშინ ახალგაზრდა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსების შეტევების არ ეშინია და იცის, როგორ უნდა იურთიერთოს მათთან, რაც დიდ პლუსად მიაჩნია, თუმცა მალევე, მისი თანამდებობა სხვამ დაიკავა.
"მიმაჩნია, რომ უნდა ვგრძნობდე და ვერკვეოდე რა ხდება სამყაროში, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არასწორია. ჩვენ ვერ დავაიგნორებთ რუსეთს, თუმცა უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები," - განაცხადა ლიზა იასკომ.
2019 წელს ფრაქციამ ლიზა იასკო უმაღლესი რადას კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაამტკიცა გარე პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებში.
30 წლის იასკო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ასევე ყირიმზე გადაღებული ფილმის პროდიუსერია (ყირიმი: რუსეთის ბინძური საიდუმლო).
თავად იასკო აცხადებს, რომ რუსებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ასევე რუს დიპლომატებთან ნაცნობობაზეც საუბრობს.
"მე გადავიღე 3 დოკუმენტური ფილმი КГБ-ზე; კომუნიკაცია მქონდა რუსი დიპლომატების, პოლიტიკოსების დიდ ნაწილთან. ვსწავლობდი სამთავრობო სკოლაში, ვარ პოლიტოლოგი, ყოველთვის მაინტერესებდა პოლიტიკა," - აცხადებს ლიზა იასკო უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი კიევში 1990 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. სანამ სახალხო დეპუტატი გახდებოდა, იასკოს Blockchain-სტარტაპში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა (VP of Social Impact & External Relations).