20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
საარჩევნო უბნების დახურვამდე ზუსტად 1 საათი და 15 წუთი დარჩა - სად და როგორი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში

კენჭისყრის დღეს ურთიერთდაპირისპირების ტრადიციული ადგილი მარნეული იყო. სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირიუსპირნდნენ. მხარეები პროვოკაციაზე საუბრობენ.

ხმაური იყო ზუგდიდში, მე-19 უბანზე საქმე იქამდე მივიდა, რომ ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

პოლიციამ განმუხტა ვითარება გლდანის 72-ე უბანზეც. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ საჩივრების დაწერაში დაბრკოლება ექმნებოდათ.

გლდანში ინციდენტის ადგილზე მივიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელსაც უბანზე მყოფი რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ყოფილი ხელისუფლების პერიოდი შეახსენეს.

დილიდან განხილვის თემა იყო დაზიანებული ბიულეტინები. ცესკოში განმარტეს, რომ ბიულეტინებზე აღნიშნული დაზიანება ბათილობის საფუძველი არ არის და თუ ამომრჩევლის ნება იქნება დაფიქსირებული, არცერთი ბიულეტინი ბათილად არ იქნება ცნობილი.

დედოფლისწყაროში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დახურვა მოითხოვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ. მისივე განცხადებით, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც მმართველი გუნდი ამომრჩევლის ნების კონტროლს მიმართავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო უბნის დახურვა მოითხოვეს ქუთაისშიც. ხატია დეკანოიძემ ერთ-ერთ უბანზე წინასწარ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა და აღნიშნული უბნის დახურვა მოითხოვა. ფაქტს ცესკო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიის წევრმა საკონტროლო ოქმის ნაცვლად ხელი შემაჯამებელ ოქმს მოაწერა.

დარღვევებსა და ამომრჩევლის ნების კონტროლში მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებს. გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებიც.
ჩოხატაურში ხევის საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე ხმის მიცემას სპეციალური სიით ცდილობდა. ბერიძის ქალიშვილი ანა ბერიძე აღნიშნულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გახლავთ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ისანში, საარჩევნო უბნებთან გაჩერებული ავტომობილი, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბესიკ დონაძის საარჩევნო ატრიბუტიკა და საარჩევნო ნომერია მითითებული.

ასევე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს სარფის 27-ე უბანზე მისული "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გამოჰყავს და კონკრეტულ მითითებებს აძლევს.

ასევე ქობულეთში საარჩევნო უბანთან კანონდარღევვით იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის სიის მესამე ნომერი. განცხადება ამ და სხვა დარღვევების შესახებ ქართული ოცნების ოფისში გაკეთდა.

სიებით მობილიზებული ოპოზიციის აქტივისტები დააფიქსირეს ბათუმში მაიაკოვსკის და ბაგრატიონის ქუჩებზე გახსნილ საარჩევნო უბნებზეც.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ადგილზე კოორდინატორების ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ უბანზე კანონით გათვალისწინებული 100 მეტრიანი დისტანცია არის დაცული.

დღის პირველ ნახევარში დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც”. ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალური არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ეკა გიგაურის განაცხადებით, დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა.

დღის ამბები