20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის - ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარაშვილი გამოეხმაურა და მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"აღსანიშნავია, რომ მათი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვი," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. 

დღესვე გიორგი კალანდარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელური დათლის შედეგებს გამოეხმაურა. 

"მინდა გამოვეხმაურო სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს. 

ამასთან აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათ კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გასწიეს. ასევე მადლობა ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად," - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

დღის ამბები