თითქმის 3-კვირიანი ონლაინფორმატში სწავლების შემდეგ, მოსწავლეები დღეს სკოლებს უბრუნდებიან. უწყებათაშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის.
სწავლის დაწყებამდე, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ყველა სკოლამ ვაქცინირებული თანამშრომლებისა და მშობლების შესახებ ინფორმაცია შეკრიბა.
საკლასო ოთახებში მოსწავლეების მისაღებად, სხვა სასწავლებლების მსგავსად, სრულ მზადყოფნაშია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 221-ე სკოლა, სადაც 1700 მოსწავლე სწავლობს, მათგან 400 პირველკლასელია.
"ყველა პირველკლასელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, ასევე, ყველა მოსწავლეს, რომელიც დაუბრუნდება სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სკოლა არის მზად იმისთვის, რომ დაიცვას ყველა ის რეგულაცია და წესი, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე აღჭურვილია ყველა იმ საჭირო რესურსით, რაც კოვიდ პანდემიის დროს ჰიგიენა-სანიტარიის კუთხით არის მნიშვნელოვანი იყოს დაცული,“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.