30 აგვისტო 2026,   09:51
ვრცლად
ვაქცინაციის დაბალი ტემპი და მე-5 ტალღის მოლოდინი - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი გასული კვირის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა ამასთანავე იკლო ვაქცინაციაზე მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობამაც.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, იმისთვის, რომ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად თავი ავარიდოთ მე-5 ტალღას, აუცილებელია მოსახლეობის უმეტესობის იმუნიზირება და არსებული რეგულაციების შესრულება.

"შეინიშნება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდაციების კიდევ უფრო უგულვებელყოფა, ვაქცინაციის მსურველთა ნაკადის შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობა. აუცილებელია, რომ გვყავდეს მეტი ვაქცინირებული, გავაქტიურდეთ უფრო მეტად და დავიცვათ რეკომენდაციები. ეს კომპონენტები ერთობლივად თუ არ განხორციელდა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის ე.წ. მე-5 ტალღა," - აცხადებს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა სტატისტიკის მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალი რჩება. მედიკოსების განმარტებით, ასევე ძალიან შემცირებულია რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებლები.

"აცრა არის ერთადერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიება ამ დაავადებისგან თავის დასაცავად," - ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.

დღის ამბები