Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ქსელის მუშაობის შეფერხებისთვის მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა. Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი 6 საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ით, Instagram-ითა და WhatsApp-ით სარგებლობას მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, კომპანიაში ამბობენ, რომ ამას მომხმარებლების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა გავლენა ნამდვილად ჰქონდა Facebook-ის დამფუძნებლის აქციებზე, რადგან მომხდარის გამო Facebook-ის აქციების ფასი დაეცა, კომპანიის დამფუძნებელმა კი 7 მილიარდ დოლარამდე დაკარგა.
"გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ გვჯერა - შეფერხების მიზეზი კონფიგურაციის ხარვეზული ცვლილება გახდა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემები სოციალური ქსელების გათიშვის შემდეგ რისკის ქვეშ დადგა," - აცხადებს Facebook-ის წარმომადგენლობა.
ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს კომპანია, რომელიც მსგავსი შეფერხებისგან დაცული იქნება.
"ეს გლობალური შეფერხება იყო მთელს მსოფლიოში. მინდა ფრთხილი ვიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვა, ეს რაიმე მავნე სახის ქმედებას უკავშირდებოდა. ხშირად აღმოჩნდება, რომ შეფერხება შიდა შეცდომამ განაპირობა. არავინ არის დაცული. არ არსებობს კომპანია, რომელიც მსგავსი შეფერხებისგან დაცული იყოს. ამიტომ, ინჟინრებმა უნდა გაითვალისწინონ მიზეზები, რომ შემდგომში გააუმჯობესონ პროცესები," - აცხადებს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში.