20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობს..." - რა პოზიცია აქვს შვილის მკვლელობაზე "კანონიერ ქურდს" გია კვარაცხელიას?

კითხვაზე - გამორიცხავს, თუ რა გია კვარაცხელია მისი შვილის მკვლელობის საქმეში ძმები კაკულიების მონაწილეობას, ადვოკატი პასუხობს: "გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს". 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დანაშაულში ბრალდებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს. კვარაცხელიების ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა დამკვეთებმა მკვლელობის უშუალო შემსრულებლების ლიკვიდაცია მოახდინონ, ამიტომ ისინი სამართალდამცველებს დროულად უნდა ჩაბარდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების ნიადაგზე, 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს. 
კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი გუშინ პირადად ესაუბრა მოკლულის მამას, ასევე "კანონიერ ქურდს", გია კვარაცხელიას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. 

"ის ვერ აკავშირებს მომხდარს ვერავისთან. გამორიცხული არაფერია, თუმცა ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს. ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს საუბარი. განსაკთრებული მამა-შვილობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ ასეთი რამ მითხრა: ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა დაგეგმილი პრეზენტაცია თარჯიმნის გარეშე მომესმინაო. სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობსო," - ციტირებს გია კვარაცხელიას სიტყვებს ოჯახის ადვოკატი. 
დღესვე გასაჯაროვდა კვარაცხელიების განცხადება, რითიც ოჯახი მკვლელობის უშუალო შემსრულებლებს მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს. 

"ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები