მსჯავრდებული პრეზიდენტის შემოყვანის საქმეზე ბრალდებული მამა-შვილი წოწორიებისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მათმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების სახით ქვეყანას კიდევ 2 პოლიტპატიმარი შეემატა.
"საქმეში შემოსვლაში დახმარება კი არა ზოგადად საერთოდ არ მოიპოვება მტკიცებულებები იმ ნაწილში, რაშიც დღეს ედავებიან ბრალად. დღეს საქართველოს ჰყავს კიდევ ორი პოლიტპატიმარი. რაც შეეხება პატიმრობის საკითხში გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მას ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ არც სააპელაციო სასამართლოს იმედი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეცვლის მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილებას," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.
საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, გამოძიებას დამატებითი მუხლი დაემატა, რაც მიგრანტის უკანონო ჩამოყვანას და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს.
"გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ დაემატა კვალიფიკაცია და ეს არის მიგრანტის უკანონო ჩამოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ორივე მუხლით აქტიურად და ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, როდესაც მოხდება მტკიცებულებების შეკრება, უკვე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით," - აცხადებს პროკურორი.
ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით აქვთ წარდგენილი და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა უკვე შეუფარდა.