საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს - ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მამაკაცი დაკავების დროს დაშავდა, მას ხელი აქვს მოტეხილი, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის ქართულ მხარეს გადმოსცეს.
კიდევ ორი ადამიანი პატიმრობაში რჩება. "კურიერი" ესაუბრა დაკავებულთა ოჯახის წევრებს, ირკვევა, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოთხი მამაკაცი ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაედევნენ.
სწორედ ამ დროს დაშავდა ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გაქცევის დროს მდინარეში გადახტა და ხელი მაჯის არეში მოიტეხა.