ვაქცინაციის ტემპი გასულ კვირასთან შედარებით კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა, მედიკოსები კი კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას აცრაზე, როგორც ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღზე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორისთვის იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი საგანგაშოა. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არის ვაქცინაციის დაბალი ნიშნული ხანდაზმული მოქალაქეების შემთხვევაში იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევები მაღალია.
"კურიოზი ხდება საქართველოში ვაქცინაციის თვალსაზრისით. მე უბრალოდ გაოგნებული ვარ, ვინმეს რომ ეს ჩემთვის ეთქვა და მე არ ვიყო თვითონ ჩართული ამ პროცესში, უბრალოდ არ დავიჯერებდი. პირდაპირ ესე ვიტყვი, საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. რას ფიქრობენ ის ოჯახები, მე არ მესმის, ვისაც სახლში ჰყავთ ერთი ან რამდენიმე ასაკოვანი ადამიანი, რომ არ ცრიან ასეთ ადამიანებს და წირავენ მათ სასიკვდილოდ. ყოველდღე გვაქვს 3 ათასი შემთხვევა, 40 გარდაცვლილი. ამას ყველაფერს საშინლად განიცდიან, წუხან და ელემენტარულ ნაბიჯს არ დგამენ, რომ ეს არ იყოს ასე. კიდევ ერთხელ, მოეგონ გონს, ნუ უწევენ საბოტაჟს თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთ ჯანმრთელობას,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.