NATO-ს სამხედრო კომიტეტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ჩამოფრინდა. ამჯერად კომიტეტი ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით ჩამოვიდა.
ადმირალი რონ ბაუერი აეროპორტიდან პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში წავიდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრაზე რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა და ხაზი საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერის მაჩვენებელია.
საქართველო რომ NATO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამაზე დღეს ალიანსის სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმაც ისაუბრა. როზარია პუგლისის თქმით, ვიზიტი ადასტურებს NATO-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი.
დღესვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლები კრწანისში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის ძალების მეთაურთან გამართეს და თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნენ. ასევე, ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლებების მიმდინარეობას დააკვირდნენ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ უფრო უახლოვდება ალიანსის სტანდარტებს. ვიზიტი შეაფასეს დღეს ოფიციალურ თბილისშიც და თქვეს, რომ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ნატოს გენერალიტეტი გაეცნობა. წინასწარ ცნობილია, რომ ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
საქართველო ალიანსის სამხედრო კომიტეტს უკვე მეოთხედ მასპინძლობს.